საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ნაკრესი“ ხადორი-თუშეთის და ჯუთა-როშკის გზების მშენებლობის წინააღმდეგია

00:42 - 02 მარტი 2018 hits 1977

სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“ მაღალმთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების, კერძოდ შატილი-ომალო-ხადორის და ჯუთა-როშკის მონაკვეთების მშენებლობის წინააღმდეგია.

არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ქვეყანაში ბიომრავალფეროვნების დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობაა, გზების მშენებლობის საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

„სრულად ვაცნობიერებთ დაგეგმილი გზების მრავალი მონაკვეთის მნიშვნელობას და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არ შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს არსებული გზების რეაბილიტაციის აუცილებლობა - უსაფრთხო და გამართული გზა ყველა სოფელში უნდა მიდიოდეს მთასა თუ ბარში.

მაგრამ დაგეგმილი გზის შატილი-ომალო-ხადორის მონაკვეთი ითვალისწინებს ახალი გზების მშენებლობას ეკოლოგიურად სენსიტიურ, მაღალი კონსერვაციული ღირებულებისა და ბიომრავალფეროვნებით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადგილებში. დაგეგმილი მარშრუტი კვეთს ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის ეროვნულ პარკებს, რომლებიც ამავე დროს წარმოადგენენ ბერნის კონვენციით დაცულ „ზურმუხტის კანდიდატ საიტებს“, რაც ხაზს უსვამს ამ ტერიტორიების ეროვნულ და გლობალურ მნიშვნელობას. ჯუთა-როშკას მონაკვეთს არ გააჩნია დაცული ტერიტორიის სტატუსი. ამის მიუხედავად ისიც არანაკლები კონსერვაციული მნიშვნელობის, პრაქტიკულად ხელუხლებელი და უნიკალური ტერიტორიაა.

საზოგადოებისთვის არავის განუმარტავს გზის ამ მონაკვეთების სოციო-ეკონომიკური და/ან პოლიტიკური მნიშვნელობა. რაც ჩვენ დანამდვილებით ვიცით, არის ის, რომ ზემოხსენებულ ადგილებში გზების გაყვანა გარდაუვლად გამოიწვევს ამ უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების დეგრადაციას და ნეგატიურად იმოქმედებს წითელი ნუსხის და საერთაშორისო დონეზე დაცულ სახეობებზე. გაიზრდება მასობრივ ტურიზმთან დაკავშირებული საფრთხეებიც და ზოგადად სუსტი კონტროლის პირობებში, ეს პროექტი პოტენციურად გზას გაუხსნის ახალ რისკებს, როგორიცაა სხვადასხვა ტიპის არალეგალური აქტივობები, მაგალითად, ბრაკონიერობა.

შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიგვაჩნია ეროვნული პარკების ტერიტორიებზე გამავალი შატილი-ომალო-ხადორის მონაკვეთისა და ჯუთა-როშკას გადასასვლელი გზების მშენებლობა“, - ნათქვამია „ნაკრესის“ განცხადებაში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხადორის ხეობა - თუშეთის გზის მშენებლობის პროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა ახალი, უსაფრთხო გზის გასაყვანად ეს მარშრუტია შერჩეული. დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, საპროექტო კომპანია ხადორი-თუშეთის გზის პროექტს მიმდინარე წელს წარმოადგენს.

რაც შეეხება ჯუთა-როშკის მონაკვეთს, გზის მშენებლობის დაწყება 2018 წელს არის დაგეგმილი.

სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობის პროექტის შეჩერების მოთხოვნით გარემოსდამცველებმა, სამთო და საფეხმავლო გიდებმა პეტიციაც შეიმუშავეს. პეტიციაში ნათქვამია, რომ პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზა გადაკვეთს აქამდე ხელუხლებელ მთებს, ტყეებს, უღელტეხილებს, დაცულ ტერიტორიებს და მისი მშენებლობა გამოიწვევს მეწყერების, ღვარცოფებისა და ხანძრების ზრდას. ამასთან, პეტიციის ავტორთა მოსაზრებით, აღნიშნული გზის მშენებლობა მძიმე დარტყმას მიაყენებს სათავგადასავლო და ეკო ტურიზმს. დიდი თოვლის, მეწყერებისა და ღვარცოფების გამო, გზის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება კი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის მშენებლობის საკითხი თუშებს შორის დაპირისპირების საგანიც გახდა. ქვემო ალვანის მოსახლეობა პანკისისა და ხადორის ხეობების გავლით ახალი გზის მშენებლობის წინააღმდეგია. ისინი არსებული გზის რეაბილიტაციას ითხოვენ, ზემო ალვანის მცხოვრებლები კი მთავრობის ინიციატივას მხარს უჭერენ.

მსგავს თემაზე:

რა არგუმენტები აქვთ პანკისი-თუშეთის გზის მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს

გარემოს დაცვის სამინისტროს 26 შენიშვნა როშკა-ღელისვაკის გზის მშენებლობის პროექტზე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში