საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გაგა შეთეკაური და ბიომრავალფეროვნების სახლი „თებულო“ საზღვრისპირა სოფლის გადასარჩენად

22:09 - 11 ივნისი 2017 hits 32756

სამანქანო გზა 5 კილომეტრში წყდება. მერე ფეხით, ცხენით ან სამხიდიანი მანქანით ხევში უნდა იარო. მდინარის აქაფებული წყალი რამდენიმე ადგილას სამხიდიანი მანქანის ერთ მეტრზე მაღალ ბორბლებს თითქმის მთლიანად ფარავს. კიდევ ერთი კილომეტრი ან ცოტა მეტი ციცაბო აღმართს უნდა აუყვე და ზღვის დონიდან 2150 მეტრზე მოექცევი. იქ, მიწურებში 3 ოჯახიღა ცხოვრობს, სულ 6 ადამიანი. წლის განმავლობაში 7 თვე გარესამყაროს მოწყვეტილები არიან. არც ტელეფონი იჭერს. მყუდროებას დათვი ან რუსეთიდან შემოსული ვერტმფრენი თუ დაურღვევთ.

ხონე პირიქითა ხევსურეთის ბოლო სოფელია და საქართველო–ჩეჩნეთის საზღვართან მდებარეობს. მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, სოფელში (ხონე–ხონისჭალა) 31 ადამიანს უცხოვრია. 2015 წლის ზაფხულამდე სოფელთან მისასვლელი გზაც არსებობდა. 30 მაისს მოულოდნელად მოსულმა ღვარცოფმა რამდენიმე კილომეტრზე გზა მთლიანად წაიღო, გზის პირას გაჩერებული 500 სული ცხვარი და მეცხვარე კი დამარხა. უგზოობის, უტელეფონობის, უშუქობისა და უყურადღებობის გამო სოფლის დატოვებას დარჩენილი სამი ოჯახიც ფიქრობს.

საზღვრისპირა სოფელი ნასოფლარად რომ არ იქცეს, 26 წლის გაგა შეთეკაურის თაოსნობით, სწორედ ამიტომ დარაზმულან გია, ლევან, დათო და ლუხუმ შეთეკაურები. ხონე შეთეკაურების სოფელია.

რეკლამა

„მთის ამბების“ მკითხველი გაგას იცნობს. ის უკანაფშავში, შუაფხოს სკოლაში ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელია. ამავე დროს გაგა ფშავ–ხევსურეთის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციას ხელმძღვანელობს. გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, გაგა ხონეში ბიომრავალფეროვნების სახლს აშენებს, რომელსაც „თებულო“ დაარქვა. თებულო მთას ჰქვია, თუშეთ–ხევსურეთის კავკასიონზე.

- გაგა, რატომ ბიომრავალფეროვნების სახლი ხონეში?

- ხონისწყლის ხეობა მცენარეთა და ცხოველთა ენდემური სახეობებითაა გამორჩეული. „თებულოში“ მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარით აღჭურვილი სამეცნიერო კვლევითი ბაზა განთავსდება. სახლი მკვლევარების, ეკოტურისტების, სტუდენტებისა და ბიომრავალფეროვნებით დაინტერესებული ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი. აქ ისინი საჰერბარიუმე თუ სხვა სახის მასალის აღწერა-დახარისხებას შეძლებენ, ნაცვლად იმისა, რომ კარავში აკეთონ საქმე და ზურგით ატარონ კილომეტრებზე მასალები. სახლში ოთხი-ექვსი კაცი შეძლებს ერთდროულად ღამის გათევას. ბაზასთან ახლოს საკემპინგე ტერიტორიაცაა, სადაც ტურისტები კარვებს გაშლიან. ვფიქრობთ საზაფხულო ეკობანაკების მოწყობასაც მოსწავლეებისთვის.

ხონე ჩემი მშობლიური სოფელია, აქ შეთეკაურები სახლობენ. მამაჩემს ეს იდეა ადრე გაუჩნდა, მაგრამ აქამდე ვერ განვახორციელეთ. ოთხი წლის წინ დავიწყეთ მშენებლობა, თუმცა ბოლომდე ვერ მივიყვანეთ. წელს გრანტი მოვიპოვეთ. თუ ბუნებრივმა პირობებმა ან უგზოობამ ხელი არ შეგვიშალა, შემოდგომის ბოლოს სახლის მშენებლობა შეიძლება დავასრულოთ.

- პირდაპირი დანიშნულების გარდა, რას შეცვლის ბიომრავალფეროვნების სახლი მიღმახევში?

- სახლი აამაღლებს პირიქითა ხევსურეთის ცნობადობას და თუ აქ ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, საზაფხულო პრაქტიკული სწავლებები დაიგეგმება, მოსახლეობას საშუალება გაუჩნდება ვიზიტორებს სხვადასხვა მომსახურება შესთავაზოს. მეტი კარტოფილი დაითესება, რძის პროდუქტების გაყიდვა ადგილზევე გახდება შესაძლებელი. გარდა ამისა, სოფელი ხონე თუშეთისა და ხევსურეთის დამაკავშირებელ გზასთან ახლოს მდებარეობს და ადგილობრივებს შეუძლიათ ტურისტებს ცხენებითაც მოემსახურონ. ახლა ეს შეუძლებელია, რადგან სატელეფონო კავშირის არარსებობის გამო ტურისტულ სააგენტოებთან დაკავშირება და საცხენოსნო მომსახურების შეთავაზება ვერ ხერხდება.

- ძირითადად რას საქმიანობენ სოფელში შემორჩენილი ოჯახები?

- სოფელში მუდმივად შეთეკაურების სამი კომლიღა ცხოვრობს. ძირითადად მესაქონლეობას და მეკარტოფილეობას ეწევიან. შემოდგომაზე პროდუქტის გაყიდვას იწყებენ. „თებულოს სახლი“ ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლის წყაროს გაჩენას და სოფლის აგროპროდუქტებზე ადგილზევე გაჩნდება მოთხოვნა.

- მუცოდან ხონემდე ფაქტობრივად გზა აღარ არის. რთული არ არის ასეთ პირობებში სოფელში სახლის მშენებლობა?

- მესამე წელია სოფელთან დამაკავშირებელი გზა სტიქიამ წაიღო. მხოლოდ სამხიდიანი მანქანა ამოდის აქამდე, ისიც დიდი გაჭირვებით. უგზოობა სამშენებლო მასალების მოსატანად საჭირო ხარჯებს აორმაგებს. სახელმწიფოს ან დონორის მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ საკუთარი ხარჯებით აქ რამის აშენება პრაქტიკულად შეუძლებელია, სანამ გზა არ შეკეთდება საფუძვლიანად.

ნახევარ საუკუნეზე მეტია აქ სახლი არავის აუშენებია. „თებულო“ იქნება პირველი, ბიომრავალფეროვნების სახლი ხონეში, რომელიც სოფლის და მთლიანად პირიქითა ხევსურეთის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

- უგზოობა არ დააბრკოლებს თებულოში ამოსვლის მსურველ მკვლევარებს?

- უგზოობა ნამდვილად არის დიდი პრობლება, თუმცა თუშეთის მიმართულებით ტურისტული მარშრუტი გადის ხიდოტანზე, სოფელ ხონეს მოპირდაპირე მხარეს. ტურისტები ძირითადად ფეხით გადაადგილდებიან და მათთვის მთავარია იყოს გასაჩერებელი ადგილი, სადაც შესვენებას და მასალების დახარისხებას შეძლებენ. ფეხით მოსიარულე ტურისტებისთვის უგზოობა არ არის დაუძლეველი პრობლემა, მაგრამ დიდი პრობლემაა ადგილობრივებისთვის. სოფლის სამი მუდმივი კომლი ზამთრში გარესამყაროს სრულადაა მოწყვეტილი. უტელეფონობისა და უგზოობის გამო ძალიან წვალობენ“.

ბიომრავალფეროვნების სახლ „თებულოში“ ტურისტების მიღება მომავალი წლის ზაფხულიდან იგეგმება. ჯერჯერობით კი საზღვრისპირა სოფელ ხონეს მხოლოდ რუსი მესაზღვრეები უვლიან გარს. მაგრამ, სიჩუმეს აქ უკვე არღვევენ გაგა და მისი მეგობრები. ხონე მომავალი წლის ზაფხულიდან კიდევ უფრო ახმაურდება.

თამუნა ნერგაძე

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. ფილოლოგი ფრანგული ენის განხრით. მუშაობდა ქართული ენის ტრენერად სომხურენოვან სკოლაში.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში