საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ირაკლი მაჭარაშვილი: მონადირეთა ხუშტურების გამო ვიზალიბერალიზაციის საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ

22:36 - 18 იანვარი 2017 hits 4771

პარლამენტი მტაცებლების - მგლის და ტურას მოკვლაზე სანქციების გაუქმების საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი, ირაკლი მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ "მსგავსი ინიციატივა არის საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა და ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ კურსს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ".

- რატომ დადგა დღის წესრიგში მსგავსი საკანონმდებლო წინადადების განხილვა, მართლაც გაიზარდა საქართველოში მტაცებელთა რაოდენობა?

- ამ საკანონმდებლო წინადადების შესახებ მეც ზუსტად იმდენი ვიცი, რამდენიც დანარჩენმა საზოგადოებამ. არის ახალგაზრდა სტუდენტი, ვინმე გიორგი ლაბაძე, რომელიც ყვითელი პრესის სხვადასხვა საშუალებით გამოქვეყნებული ინფორმაციების მეშვეობით ამტკიცებს, რომ საქართველოში გაზრდილია მტაცებელთა რაოდენობა და საჭიროა მათი შემცირება. ის რაიმე სამეცნიერო კვლევას, ან დაცული ტერიტორიების ან სამონადირეო მეურნეობის მიერ ჩატარებულ მონიტორინგს არ ეყრდნობა. ეს წერილი აიტაცა პარლამენტარმა ზაზა ხუციშვილმა და ცდილობს, რომ ის საკანონმდებლო აქტად აქციოს. რამდენადაც ვიცი, არც ზაზა ხუციშვილს ჰქონია შეხვედრა სპეციალისტებთან. ისიც ასე, მონადირეთა მონაყოლს და არაპროფესიონალურ ინფორმაციას ეყრდნობა. ეს იგივეა, რომ ექიმმა ავადმყოფს დიაგნოზი მისი ნათესავების გამოკითხვით დაუსვას ან ტყის მართვის შესახებ მეტყევე მეცნიერებს კი არა, ტყის მჭრელებს ჰკითხოთ. აი, დაახლოებით ასე დასვეს პარლამენტში დიაგნოზი, რომ ეკოსისტემას ჩარევა სჭირდება. ზაზა ხუციშვილი ამბობს, რომ გერმანიაში 12 მგელია და ბევრი ირემი. საინტერესოა, რომელ სამეცნიერო სტატიაში წაიკითხა, რომ გერმანიის ეკოსისტემა ჯანსაღი ეკოსისტემაა?

მსგავსი ინიციატივა არის საბჭოთა კავშირში დაბრუნების მცდელობა და ის აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ კურსს ევროკავშირთან დაახლოების შესახებ. საბჭოთა პერიოდში იყო მგლის მოკვლაზე პრემიებს რომ აძლევდნენ. ეს იყო კორუფციული სისტემა, სადაც დიდი ფული კეთდებოდა. მიიტანდა მეცხვარე ცხვრის ან ძროხის ყურებს კოლმეურნეობაში იმის მტკიცებულებად, რომ საქონელი მგელმა შეჭამა და ცალკე თანხას იღებდა განადგურებული საქონლის კომპენსაციისთვის და დამატებით კიდევ 100 მანეთ პრემიას მტაცებლის მოკვლისთვის.

ერთ ფაქტზე უნდა გავამახვილო ყურადღება: არის მცდელობა, რომ არაინფორმირებული საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოსდა თუ მგელი თავს ესხმის შინაურ საქონელს, მისი მოკვლა არ შეიძლება. ეს ასე არ არის. რა თქმა უნდა, გარემოს დაცვის სამინისტრო ასეთ შემთხვევაში გასცემს ნებართვას. ოფიციალური მონაცემებით, 2013-2016 წლებში გარემოს დაცვის სამინისტრომ 363 მტაცებლის (მგლის და ტურის) ამოღების ხელშეკრულება გააფორმა. აქედან მხოლოდ 63 მგლის მოკვლა მოახერხეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა გაბერილია და ხშირად ნებართვას ნადირობის ჟინის დასაკმაყოფილებლად ითხოვენ.

- როგორ უნდა მოხდეს იმ მტაცებლის ლიკვიდირება, რომელიც რეალურად ესხმის თავს შინაურ საქონელს?

- თუ შინაურ საქონელზე ხდება თავდასხმა, უნდა გაირკვეს, ვინ იყო თავდამსხმელი. მეეჭვება, რომ რომელიმე გამგეობის თანამშრომელს შეეძლოს გაგარეულებული ძაღლის ან მგლისა და ძაღლის ნაჯვარის მგლისგან გარჩევა. ასევე მეეჭვება გაარკვიონ, რომ თუ რომელიმე სოფელში 20 თავდასხმა მოხდა, 20 სხვადასხვა მგელი იყო თავდამსხმელი თუ ერთი და იგივე მგელი ესხმოდა თავს საქონელს. ეს სერიოზული პრობლემაა.

ზოგჯერ მგელს უკლავენ მშობლებს და ლეკვი იზრდება ისე, რომ ნადირობის წესებს ვერ სწავლობს. ამიტომ, იძულებულია შინაურ საქონელზე ინადიროს. ის ამ წესს ვერ მოიშლის. ხშირად ხდება, რომ შინაურ საქონელს ერთი და იგივე მგელი ესხმის თავს. 20 სხვა მგელი რომ მოკლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღმოიფხვრება. ეს იგივეა, რომ პოლიციელს ჰქონდეს ინფორმაცია შავთმიან დამნაშავეზე და დანაშაულის აღკვეთის მიზნით რომელიმე დასახლებაში ყველა შავთმიანი ადამიანი დააკავონ. უნდა მოხდეს იმ ინდივიდის იდენტიფიცირება, რომელიც რეალურად ესხმის თავს საქონელს და მხოლოდ მისი ლიკვიდირება მოხდეს.

- რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს წინადადება სააკანონმდებლო ინიციატივის სახეს მიიღებს?

- თუ ეს წინადადება სააკანონმდებლო ინიციატივის სახეს მიიღებს, ძალიან მარტივად მოხდება მისი უკუგდება, ვინაიდან განმარტებით ბარათში ვერანაირად ვერ მიუთითებენ, რომ ეს რეგულაცია ევროკავშირის დირექტივებს არ ეწინააღმდეგება.

მსგავსი ინიციატივა წინა ხელისუფლებასაც ჰქონდა. გახსოვთ, ალბათ, წითელ ნუსხაში შეტანილ სახეობებზე ნადირობის დაკანონებას რომ აპირებდნენ. მაშინ არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიურობით ის ინიციატივა ჩავარდა. მსგავსი სურვილი ახლანდელ ხელისუფლებასაც რომ გაუჩნდა, ეს იმის ბრალია, რომ მავნებლური კანონპროექტების ავტორები დასჯის ნაცვლად დააწინაურეს. "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს იმ კანონპროექტის ავტორი იყო ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახურის უფროსი ირაკლი ხმალაძე. ახლა ის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეა.

გარწმუნებთ, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და ევროკავშირი არც ამ საკანონმდებლო ინიციატივას დატოვებენ უყურადღებოდ. მონადირეთა ხუშტურების გამო ვიზალიბერალიზაციის საკითხი ეჭვქვეშ არ უნდა დააყენონ.

18 იანვარს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე მოქალაქე გიორგი ლაბაძის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს ტერიტორიაზე მტაცებელი ცხოველების მომრავლებისა და მათ მიერ მოქალაქეებსა და შინაურ ცხოველებზე თავდასხმისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმართვაში ხელის შეშლის თაობაზე) განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზაზა ხუციშვილი მიიჩნევს, რომ მგლების რაოდენობის შემცირების მიზნით გარკვეული რეგულაცია უნდა დაწესდეს. "ამის თქმის უფლებას მაძლევს ინფორმაცია, რომელიც ევროპის ქვეყნებში მგლების რაოდენოსთან დაკავშირებით გამაჩნია:  გერმანიაში არის 165 ათასი ირემი და 12 მგელი, საფრანგეთში არის 100 ათასი ირემი და 40 მგელი, დიდ ბრიტანეთში არის 365 ათასი ირემი და არცერთი მგელი. დანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში არცერთი მგელი არ არის და არის უამრავი ჩლიქოსანი ცხოველი. შედარებით მეტი მგელია იტალიაში, მაგრამ არის ირმის რაოდენობის 1%. მგელზე ნადირობა უნდა იყოს დაშვებული, მაგრამ უნდა განისაზღვროს მათი ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენის ამოღება იქნება საჭირო იმისთვის, რომ აღარ იყოს თავდასხმები როგორც მოსახლეობაზე, ასევე შინაურ პირუტყვზე“, - განაცხადა ხუციშვილმა საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

RadioWAY სიახლეები

ვაკანსიები მთაში

თავში