საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

როგორი იქნება ძველი დიკლო რესტავრაციის შემდეგ

00:05 - 14 თებერვალი 2019 hits 16813

საქართველოს მთავრობა თუშეთში ციხე-სოფელ დიკლოს რესტავრაციას გეგმავს. შპს „სტუდია 21“-მა უკვე მოამზადა ციხე-სოფლის კვლევითი და ესკიზური საპროექტო დოკუმენტაცია, რომელიც 3 საბრძოლო-თავდაცვითი ნაგებობისა და 15 ციხე-სახლის რესტავრაციას ითვალისწინებს.

ციხე-სოფელი ძველი დიკლო ამჟამინდელი სოფელ დიკლოს აღმოსავლეთით, ოთხი კილომეტრის მოშორებითაა. სამანქანო გზა სოფელ დიკლოსთან წყდება. აქედან ნასოფლარისკენ კი ბილიკი მიდის.

ძველი დიკლო ტიპიური თუშური გამაგრებული სოფელი იყო. ისტორიული ცნობებით, 1837 წლის ლეკების შემოსევის შედეგად განადგურდა. სავარაუდოდ ამ შემოსევის შემდეგ, ადგილობრივებმა დიკლოს აღდგენა ძველ ადგილას საჭიროდ აღარ მიიჩნიეს და ახალი სოფელი (ამჟამინდელი დიკლო) ძველი ბოსლების ადგილას ააშენეს. დიკლოდან არიან ბექურიძეები, ბეწუნაიძეები, ოთარიძეები, ქორთოშიძეები, ვარდიძეები, მოზაიძეები, ბელადიძეები, შააძეები, იმედაძეები, ქითიძეები და ოსორაულები. 

ნასოფლარი მაღალი, კლდოვანი მთის ერთ-ერთ განშტოებაზეა განლაგებული. სტრატეგიულად მეტად მოსახერხებელ ადგილას - აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხრიდან მას დიდი, ფრიალო კლდეები ესაზღვრება და სრულიად მიუდგომელია. დასავლეთით და ნაწილობრივ, სამხრეთითაც რელიეფი შედარებით „წყნარია“. ერთადერთი ბილიკი ნასოფლარს სწორედ ამ მხრიდან - დასავლეთიდან ადგება. ციხე-სოფელი დიკლო თუშეთის ჩრდილოეთი საზღვრის დამცველ ავანპოსტს წარმოადგენდა.

ციხე-სოფელი გაშენებულია საკმაოდ რთული რელიეფის მქონე სამ ტერასაზე, რომელთაგანაც ქვედა, ძირითადად, სამეურნეო დანიშულებისთვის გამოიყენებოდა. ზედა ორი ტერასა კი, რომლებიც ერთმანეთს ვიწრო ქუჩით უკავშირდება, მთლიანად საცხოვრებელი ნაგებობებით იყო განაშენიანებული.

ციხე-სოფელ დიკლოზე სამშენებლო მასალად გამოყენებულია ფიქალის ქვა. კედლები აშენებულია მშრალი წყობით დუღაბის გარეშე. კედლების სისქე იცვლება 50-80 სმ-ის ფარგლებში. საძირკვლები არცერთ ნაგებობას არ გააჩნია. ისინი წინასწარ მომზადებულ კლდოვან ქანებზეა მორგებული. მნიშვნელოვანი დაზიანებებისა და დანაკარგების სახით, ჩვენამდე სულ 18-მა ნაგებობამ მოაღწია: 3 საბრძოლო და თავდაცვითი ნაგებობა, 15 ციხე-სახლი.

ძეგლის დღევანდელი მდგომარეობა სავალალოა: გადახურვები და სართულები ყველგან ჩამოქცეულია. შემორჩენილი კედლების ნაწილი დეფორმირებულია. გაჩენილი ბზარები ძირითადად ვერტიკალურია. ნაგებობები გასაწმენდია ჩახერგილობისგან, ზოგან - მცენარეებისგან, რის გამოც პირველი სართულები მხოლოდ ნაწილობრივ იკითხება.

ციხე-სოფელ დიკლოს და მასთან ერთად თუშეთის კიდევ 9 სოფელსა და ნასოფლარს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებით, ეროვნული კატეგორია 2018 წლის 10 ივლისს განესაზღვრა. ციხე-სოფელ დიკლოს რესტავრაცია მთის განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიით არის გათვალისწინებული.

ძველი დიკლოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 4-6 კილომეტრშია თუშეთის სოფლები ჭერო და ინწუხი, რომლებსაც ამჟამად რუსული მხარე აკონტროლებს. ოფიციალური, მოქმედი, საქართველოს რუკებით, ჭერო და ინწუხი საქართველოს შემადგენლობაშია. საქართველო - რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულებული არ არის და ეს მონაკვეთი შეუთანხმებელია.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში