საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ციხე-სოფელ მუცოს გადარჩენის პროექტი - 20-მდე ციხე კოშკი უკვე აღდგენილია

23:34 - 09 მაისი 2018 hits 11606

მუცოს აღდგენისა და გადარჩენის პროექტის ფარგლებში, ციხე-სოფლის ზედა უბნის სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურული მოწყობა უახლოეს დღეებში, ხევსურეთის გზის გახსნისთანავე დაიწყება. შუა და ქვედა უბნის 20-მდე ციხე-კოშკი უკვე აღდგენილია.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ფიქალის ქვის ტრადიციული მშრალი წყობით აღდგა ჩამოშლილი და დაზიანებული ფასადები, ავთენტური ფორმით და სათანადო ჰიდროიზოლაციით მოეწყო მათი გადახურვის კონსტრუქციები. ასევე, აღდგენილია ქვის კიბეები, გადახურვის კოჭები და აივნების სვეტები; დამზადდა მუხის ხის კარ-სარკმელები, მოწყობილია თიხატკეპნილი; დასრულებულია ციხე-კოშკების გადახურვის მოწყობაც.

პირიქითა ხევსურეთში, გვიან შუა საუკუნეებში კლდეზე აგებული ციხე-კომპლექსი საუკუნეების განმავლობაში ერთ მთლიან სათავდაცვო სისტემას და ჩრდილოეთიდან საქართველოში მომავალი გზების დამცველ პოსტს წარმოადგენდა.

ბოლო პერიოდში ძეგლი ინტენსიურად ინგრეოდა და საქართველოს ძეგლთა შორის ყველაზე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. ძეგლის მდგომარეობის გაურესებას ხელს უწყობდა მისი მდებარეობა და რეგიონის მკაცრი კლიმატური პირობები.

2014 წელს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, მუცოს გადარჩენისა და რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი დაიწყო, რომლის დასკვნითი ეტაპი ფონდ „ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით წარიმართა.

პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, პირველად მუცოში ჰიდროელექტროსადგურიც მოეწყო, რომელიც იქ მცხოვრებ სამ ოჯახს უწყვეტი ელექტროენერგიით ამარაგებს.

ღარიბაშვილი დარწმუნებული იყო, რომ ციხე-სოფელ მუცოს აღდგენით ისტორიული მხარე ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდებოდა და ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობდა მთაში მოსახლეობის დარჩენას და დაბრუნებას.

სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წლის ზაფხულში, 2016 წელთან შედარებით პირიქითა ხევსურეთში ტურისტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. მუცოში დაბრუნებას და საოჯახო სასტუმროების მოწყობას აპირებს რამდენიმე ოჯახი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში