საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

26 ივნისს თბილისში გაიმართება ხევსურული საღამო – მთის საჩუქარი ბარს

21:57 - 21 ივნისი 2017 hits 2233

26 ივნისს, თბილისში, ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ მზიურში გაიმართება თეონა ქუმსიაშვილის სახელობის ხევსურული საღამო - მთის საჩუქარი ბარს. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთიან რეგიონში მცხოვრები პოეტები, მომღერლები, მოცეკვავეები და ფოლკლორისტები.

ხევსურული საღამო, სადაც ხევსური მომღერლების, პოეტების, სახალხო მთქმელებისა და მოცეკვავეების გარდა საქართველოს სხვა მთიანი რეგიონების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, თბილისში 2007 წლიდან, ყოველი წლის 26 ივნისს ტარდება.

ღონისძიების მიზანია მთის კულტურის პოპულარიზაცია, თბილისელებისთვის და დედაქალაქის სტუმრებისთვის მთის ფოლკლორის გაცნობა და მთაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიების ორგანიზატორი პაატა ვარდანაშვილია.

თეონა ქუმსიაშვილი 2010 წლის 22 ივლისს, ხევსურეთში დაიღუპა მუცოსთან ახლოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. „მიცუბიშის“ მარკის ჯიპი, რომელშიც 10 ადამიანი იჯდა, მდინარე არღუნში, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. თეონას გარდა დაიღუპა კიდევ 6 ადამიანი: მისი შვილები 2 წლის დემეტრე, 9 თვის ჯარჯი, თეონას და ნათია ქუმსიაშვილი, მეგობარი ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა. გადარჩნენ გელა დაიაური, თეონას ძმა 19 წლის თორნიკე ქუმსიაშვილი და 21 წლის თეონა ჭინჭარაული.

თეონა ქუმსიაშვილი 1986 წლის 27 იანვარს დაიბადა. ბავშვობიდან აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ფოლკლორულ კონცერტებსა და ფესტივალებში. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი. თავად წერდა ტექსტებს საკუთარი მელოდიებისთვის. გამოცემული ჰქონდა სიმღერების სოლო ალბომი „ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“. თეონა ქუმსიაშვილის სიმღერები დიდი პოპულარობით სარგებლობს. სიკვდილის შემდეგ, 2012 წელს გამოიცა მისი ლექსების კრებული - „მთის ბუმბული“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში