საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რა შეცვალა ინტერნეტმა თუშეთში

10:59 - 09 აგვისტო 2018 hits 14584

სოფელ ომალოში, სასტუმრო „თუშეთის“ 11 ნომრიდან ყველა დაჯავშნილია. სასტუმროს მეპატრონე სოსო ბაბულაიძე ამბობს, რომ ნომრების ნახევარზე მეტს უცხოელი ტურისტები booking.com-ით ჯავშნიან.

„ორი სეზონია, რაც ამოვისუნთქე. Booking.com-ზე სასტუმრო მანამდეც გვქონდა რეგისტრირებული, მაგრამ როდის და რამდენი ნომერი იყო დაჯავშნილი, ამის გასაგებად შვილებს ან ახლობლებს ვურეკავდი ხოლმე ალვანსა და თბილისში. გასულ წელს თუშეთში ინტერნეტი შემოვიდა და ახლა უკვე თვითონ ვნახულობ ყველაფერს“.

ზემო ომალოში მდებარე საოჯახო სასტუმრო „სარგირში“ უკვე ორი კვირაა, რაც wi-fi აქვთ. „რომ მოდიოდნენ, პირველ რიგში, ინტერნეტს კითხულობდნენ. რამდენჯერმე ტურისტები უკანაც კი გაბრუნდნენ. ახლა დამსვენებელი სულ გვყავს“, - აღნიშნავს სასტუმროს მფლობელი, ვაჟა კარდლიძე.

უსადენო ინტერნეტი თუშეთის ოთხივე ხეობაშია ხელმისაწვდომი. აბანოს უღელტეხილსა და სამხევში კი უფასო wi-fi-ით სარგებლობა ყველას შეუძლია. ინტერნეტიზაციის პროექტი ამერიკულმა ორგანიზაცია „ინტერნეტსაზოგადოებამ“ დააფინანსა და ქსელი მოვლა-პატრონობისთვის „თუშეთის განვითარების ფონდს“ გადასცა.

თუშეთში ამჟამად wi-fi ინტერნეტს 48 აბონენტი ჰყავს. მათი უმეტესობა საოჯახო სასტუმროა. „თუშეთის განვითარების ფონდის“ წარმომადგენლის, ზურაბ ბაბულაიძის თქმით, მომხმარებლები ძირითადად 50 ლარიანი პაკეტებით სარგებლობენ, რაც წამში 3-5 მეგაბიტი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებას ითვალისწინებს.

ინტერნეტის შეყვანა სურს ნანი არშაულიძესაც საოჯახო სასტუმრო „კესელოში“: „ჩვენთან არ იჭერს. რაღაც ეფარება და გამაძლიერებელი უნდა დადგან. ველოდებით. სამხევში უკვე დავდგით, ახლა ომალოში ვამონტაჟებთ და თქვენთანაც მალე იქნებაო, გვპირდებიან.“

თუშეთის ინტერნეტიზაციამ ყველაზე მეტად გომეწრისა და პირიქითის ხეობების ის 20-მდე სოფელი ახეირა, სადაც მობილური კავშირი ამ დრომდე არ არის.

ვიდრე ინტერნეტი გახდებოდა ხელმისაწვდომი, ზეზვა ელიზბარიძეს სოფელ ალისგორში მდებარე სასტუმროში არცერთი ჯავშანი არ ჰქონდა. ალისგორი გომეწრის ხეობის სოფლებიდან ერთ-ერთია, სადაც ტელეფონი არც ახლა იჭერს. ინტერნეტის შესვლის შემდეგ კი, ზეზვა შეკვეთებს ონლაინ რეჟიმში იღებს. რაც ყველაზე მთავარია, ის „ვაიბერის“ და „სკაიპის“ საშუალებით, ოჯახის წევრებსაც უკავშირდება. ზეზვა გომეწრის ხეობის 18 სოფლის ერთადერთი მუდმივი მცხოვრებია და შვიდი თვის განმავლობაში, როცა დიდთოვლობის გამო გზა ჩაკეტილია, მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

ინტერნეტის მეშვეობით, გომეწრის ხეობიდან უკვე 112-შიც ახერხებენ დარეკვას. ექიმებმა რამდენიმე დღის წინ წოვათას ხეობაში მომხდარი ავარიისას დაშავებული სამი ახალგაზრდის გადარჩენა შეძლეს.

ინტერნეტმა ვიზიტორების ზრდაზეც მოახდინა გავლენა. ნინო მარინაშვილი თუშეთში უკვე მესამედაა. წელს დართლოში დასასვენებლად ასულს ინტერნეტი დახვდა.

„არაჩვეულებრივი სიახლეა. ვფიქრობ, რომკუთხის პოპულარიზაციისთვის ყველაზე მაგარი ხელშემწყობი ფაქტორია.

„სადაც ვიყავი, wi-fi ყველა სოფელში იყო. თბილისში დარჩენილ ჩემს ზარმაც მეგობრებს კარგი ფოტოებით ვამწარებ. ვფიქრობ, რომ მომავალ წელს თუშეთს თვითონაც დაათვალიერებენ.“

სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს თუშეთს დაახლოებით 15 ათასი ვიზიტორი სტუმრობდა. გასული წლის ივლისთან შედარებით, წელს იმავე პერიოდში თუშეთში 50 %-ით მეტი - 4606 ტურისტი იმყოფებოდა.

დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტის, გიგა მრელაშვილის თქმით, ინტერნეტმა თუშეთის პოპულარიზაცია მნიშვნელოვნად გაზარდა: „ვიზიტორები აქ გადაღებულ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქედანვე ავრცელებენ. თუშეთის შესახებ ინფორმაცია ბევრად მეტი ადამიანისთვის გახდა ხელმისაწვდომი, რამაც დადებითად იმოქმედა.“

ინტერნეტის ქსელის ზოგიერთი მოწყობილობა ზღვის დონიდან 3000 მეტრზე ზემოთაა განთავსებული. ზამთარში, დიდთოვლობის დროს ტექნიკა ზიანდება, რაც „თუშეთის განვითარების ფონდს“ ხარჯებს უზრდის. წელს თებერვალ-მარტში თუშეთში მუდმივად მცხოვრებ პირებს ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებოდათ. ზურაბ ბაბულაიძის თქმით, ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით, როცა თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩაკეტილია, ქსელის მოსავლელად და ზამთარშიც გამართულად ფუნქციონირებისთვის, ფონდს დაახლოებით 4-5 ათასი ლარი სჭირდება.

„ამ თანხის მობილიზებას ჯერ-ჯერობით თუშეთის განვითარების ფონდი წვალებით ახერხებს. წელს აკუმულატორების აღდგენაც დაგვჭირდა, რადგან დაბალ ტემპერატურაზე სიმძლავრე ნახევრდება, დატვირთვას ვერ ასწრებს, სისტემა ითიშება და სხვადასხვა პრობლემას იწვევს.“

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, იოსებ ქარუმაშვილი „მთის ამბებს“ დაპირდა, რომ მზად არის თუშეთში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოყოს.

მაგდა გუგულაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, კავკასიის მედია სკოლის მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის მიმართულების მაგისტრი. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში