საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ბარიდან მთაში - მეცხვარეების დაბრუნება თუშეთში

10:47 - 21 ივნისი 2018 hits 9219

რადიო „თავისუფლების“ ფოტოკორესპონდენტი ამოს შაპლი კვლავ გაჰყვა მეცხვარეებს თუშეთში, ამჯერად, ბარიდან მთაში მიმავალთ.

ყოველ წელს, ივნისის დასაწყისში, როდესაც კახეთში მწვანე ბალახს გაზაფხულის მწველი მზე გადაახმობს, მწყემსები აგროვებენ თავიანთ ფარას და მთაში მიეშურებიან.

როდესაც ისინი ალპური სადგომებისკენ მომქანცველ გზას დაადგნენ, მე სოსო ივანიშვილს და გია გირგიტოვს დავემგზავრე, რომლებსაც 300 ცხვარი ჰყავთ ერთობლივ ფარაში.

ცხვრის გადარეკვაში მწყემსებს ნათესავებიც ეხმარებიან, მათ შორის 17 წლის დათო.

მწყემსის საგზაო ულუფა ხაჭოსა და შოკოლადის ნაღებისგან შედგება, რომელიც ადუღებულ რძეში არეული კაკაოსგანაა მიღებული. საჭმლის გარდა მწყემსების მენიუშია ყურძნის ჭაჭისგან დამზადებული არაყი.

როცა წვიმა დაიწყო, მწყემსებმა თავი შეაფარეს დიდ პოლიტიკურ ბანერს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გამოსახულებით, რომელიც 13 ივნისს გადადგა.

ვიდრე მთებისკენ მიეშურებოდნენ, გიას ფარას ერთი დღის განმავლობაში დათვი რვაჯერ დაესხა თავს, ერთხელ კი მოახერხა ცხვრის გატაცება, ნაგაზების წინააღმდეგობის მიუხედავად.

აბანოს უღელტეხილთან ახლოს გია უკან მომავალ ცხვარს თოვლს დანით უკვალავს. მწყემსების თქმით, ცხვრისთვის ასეთი მგზავრობა მაქსიმალურად იოლი უნდა იყოს. თუ მწყემსები გზის კონკრეტულ მონაკვეთზე ფარას ძალას დაატანენ, მაშინ ცხვარი შეიძლება დაფრთხეს და სხვა გზა აირჩიოს.

გია მთის მწყემსთა შთამომავალია. იგი მეუბნება, რომ დაიღალა მარტოობისგან. სოსოსგან განსხვავებით, რომელსაც ხეობაში ცოლი და შვილი ელოდებიან, გია მარტოხელაა. ერთხელ, როდესაც მთაში ბანაკად იყო, გიას მოულოდნელად ნამცხვარი მოუნდა.

„ავიღე კომბალი და ღამე დავადექი გზას. მეორე დილით სოფელში ჩემი სახლის კარი რომ შევაღე, მშობლები შეშინდნენ. ეგონათ, რამე მოხდა. არა, არა, უბრალოდ რაღაც ტკბილი მომინდა-მეთქი. შევჭამე ნამცხვარი, გავილოკე თითები და უკან, კარებისკენ გავბრუნდი“.

ვიდრე ფარა ბალახობს, გია თავისი ბარგი-ბარხანით მიწაზე წვება და იძინებს. ძაღლები ვერ ახერხებენ ასე კომფორტულად მოთავსებას ფრიალო კლდეზე, თუმცა ერთი მათგანი საკმაოდ მოხერხებულ სასთუმალს პოულობს.

მოულოდნელად ტემპერატურა ეცემა და ხეობაზე ღრუბლები ჩამოწვება. ელვის შუქზე და ჭექა-ქუხილის ხმაზე ცხვარი შიშისგან იყინება და ხეობაში გზის გაგრძელებაზე უარს ამბობს. ჭექა-ქუხილს მალე სეტყვა მოჰყვა. გალუმპული გია საცოდავი სანახავია.

ბოლოს და ბოლოს, დასველებული და გათოშილი ცხოველები და ადამიანები ღამის წყვდიადში ფარეხს აღწევენ.

ეს იყო გზა ბარიდან მთაში.

ნახეთ ამოს შაპლის ფოტორეპორტაჟი - მთის მწყემსები, რომელშიც აღწერილია მწყემსების დაშვება მთიდან ბარისკენ 2017 წლის შემოდგომაზე.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში