საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

თუშური გუდის ყველი აშშ-ში იყიდება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

13:50 - 15 თებერვალი 2017 hits 20060

თუშეთში, გომეწრის ხეობაში წარმოებული თუშური გუდის ყველი ექსპორტზე აშშ-ში გავიდა. ყველს კოოპერატივი „ალაზნისთავი“ აწარმოებს. საწარმოში, რომელიც ზღვის დონიდან 2100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, გუდის ყველი ტრადიციული თუშური მეთოდით მზადდება. „ალაზნისთავის“ გუდის ყველი ერთ კვირაში ისრაელის სუპერმარკეტების დახლებზეც გამოჩნდება.

„აშშ-ში 1,5 ტონა გუდის ყველი გავიტანეთ. ის ნიუ-იორკის ქართულ მაღაზიებში იყიდება. ჩვენი სამიზნე ბაზარი ქართული ემიგრაციაა და შესაბამისად, აქცენტს იმ ქვეყნებზე ვაკეთებთ, სადაც დიდი ქართული დიასპორაა. მოლაპარაკება უკვე დავასრულეთ და ერთ კვირაში ჩვენი ყველი ისრაელშიც შევა. შემოდგომიდან პროდუქციას აუცილებლად შევიტანთ რუსეთშიც. პრეზენტაცია გვქონდა საფრანგეთშიც და იმედი გვაქვს, რომ მალე ყველს იქაც შევიტანთ. საწარმოში სურსათის უვნებლობის ყველა სტანდარტი დაცულია. ამიტომ, ექსპორტზე გატანის და რეალიზაციის პრობლემა არ გვაქვს,“- აღნიშნა „მთის ამბებთან“ საუბარში კოოპერატივ „ალაზნისთავის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი აბულიძემ.

„ალაზნისთავის“ გუდის ყველი ადგილობრივ ბაზარზეც იყიდება. 1 კგ ცხვრის ყველი დაახლოებით 26 ლარი ღირს, ხოლო ძროხის - 20 ლარი. „ალაზნისთავი“ მომხმარებელს 150-500 გრამიან ვაკუუმპაკეტებში დაფასოებულ ყველსაც სთავაზობს.

ამჟამად კოოპერატივი „ალაზნისთავი“ ოთხი სახეობის გუდის ყველს აწარმოებს: „სვილობის“, „ლარტუშოს“, „დოვნას“ და „ჩოგის“. ოთხივე მათგანს განსხვავებული შემადგენლობა და საგემოვნო თვისებები აქვს. გუდის ყველი მზადდება როგორც ცხვრის, ისე ძროხის რძისგანაც. არსებობს შერეული ტიპის - ცხვრის და ძროხის რძისგან ერთდროულად მომზადებული ყველიც.

თუშური გუდის ყველის უნიკალობას მაღალი ხარისხის რძე განაპირობებს, რომელსაც იძლევა თუშეთის ალპურ საძოვრებზე მობალახე ქართული ჯიშები – თუშური ცხვარი და თუშური ძროხა. თუშური გუდის ყველის დამზადება რძის გაწურვის ეტაპიდანვე განსაკუთრებულია: რძე სხვადასხვა სამკურნალო ბალახეულით იფილტრება, შემდეგ კი მინიმუმ სამოცი დღის განმავლობაში ცხვრის ტყავისაგან დამზადებულ გუდაში მწიფდება.

კოოპერატივი „ალაზნისთავი“ 2015 წელს დაარსდა. „ალაზნისთავში“ 11 მეპაიეა. კოოპერატივს 600 თუშური ცხვარი და 50 თუშური ძროხა ჰყავს. საწარმო ამჟამად წელიწადში დაახლოებით 5 ტონა გუდის ყველს აწარმოებს, რამდენიმე წელიწადში კი წარმოების მოცულობის 15 ტონამდე გაზრდას აპირებს.

გუდის ყველის საწარმოს აშენება კოოპერატივის წევრებმა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ შუამდგომლობით და საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ თანადაფინანსებით შეძლეს. პროექტის ღირებულება 141 000 ლარია. აქედან 93 000 ლარი კოოპერატივმა დონორისგან მიიღო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში