საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდაურის გადასახედის რეაბილიტაციის პროექტირების ტენდერში Saxon-მა გაიმარჯვა

16:26 - 04 თებერვალი 2017 hits 873

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გუდაურის „გადასახედის“ რეაბილიტაციის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში შპს Saxon Manegement Services-მა გაიმარჯვა.

ტენდერში სულ ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს Saxon Manegement Services და შპს ვეგა+. შპს ვეგა+-ის სატენდერო წინადადების საბოლოო ფასი 22 ათას 500 ლარი იყო, Saxon Manegement Services-ის კი 20 ათას 500.

„სატენდრო კომისიამ გაითვალისწინა არ მხოლოდ პრეტენდენტთა მიერ შემოთავაზებული ფასები, არამედ მათი გამოცდილება და წარმოდგენილი საბუთებიც. ვეგა+-მა წარმოადგინა ფასი და ინფორმაცია გამოცდილების შესახებ, Saxon Manegement Services-მა კი ფასი, ხელშეკრულებები უკვე შესრულებულ სამუშაოებზე, მიღება-ჩაბარების აქტები და ცნობა ანალოგიური საუშაოების შესახებ. ამ კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება ყაზბეგის გამგეობის მიერ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს,” - განაცხადა „მთის ამბებთან“ საუბარში ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ჯემალ სუჯაშვილმა.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 2017 წლის 3 თებერვალს გაფორმდა. ტენდერის პირობების თანახმად, Saxon Manegement Services-მა საპროექტო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.

Saxon Manegement Services საქართველოში 2013 წელს არის დაფუძნებული. კომპანიის დირექტორია ლიტვის მოქალაქე, ვიტაუტას პუოძინაუსი. მასვე ეკუთვნის კომპანიის 33%-იანი წილიც. კომპანიას კიდევ ორი მესაკუთრე ჰყავს: კონსტანტინ კოჩურა( ლიტვის მოქალაქე) და ჯერარდ მალაკი დემიენ მაქალა (დიდი ბრიტანეთის მოქალაქე).

Saxon Manegement Services-ის მიერ არის შესრულებული სოფელ დიდი ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის, ხაშურის N7 საბავშვო ბაღის და ახალციხის საბავშვო ბაღის საპროექტო დოკუმენტები.

ყაზბეგის გამგეობამ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე არსებულ 5500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული გადასახედის, ე. წ. მეგობრობის თაღის ნაგებობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის დაგეგმარებაზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მიზნით ტენდერი 2017 წლის 20 იანვარს გამოაცხადა. შესასრულებელი საპროექტო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად 25 000 ლარი იყო განსაზღვრული.

ტენდერის პირობების თანახმად, სარეკრეაციო ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას კომპლექსური ტურისტული გასაჩერებელი ადგილი, სადაც ვიზიტორებსა და მგზავრებს სხვადასხვა სახის მომსახურების მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

ტურისტული გასაჩერებელი ადგილი უნდა მოიცავდეს: გადასახედ ნაგებობას, საპირფარეშოს (2-2 კაბინა მამაკაცებისა და ქალებისათვის, ასევე 1 კაბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის), სუვენირების მაღაზიას, კაფე-სასაუზმეს, ღამის განათების მოწყობას და პარკირების ადგილს (ავტობუსების, მსუბუქი ავტომობილებისა და ველოსიპედების სადგომით).

პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს გადასახედის ნაგებობის გამაგრება და რეაბილიტაცია. ქვედა ტერიტორიიდან, სადაც განთავსებული იქნება დამხმარე ტურისტული ინფრასტრუქტურა, გადასახედ ნაგებობამდე სამანქანე ასასვლელი გზა ჩაიკეტება და გახდება საფეხმავლო. გადასახედთან და მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს მოსასვენებელი სკამები. გადასახედის ნაგებობის მიმდებარედ არსებულ ბორცვებზე მისასვლელად უნდა მოეწყოს მცირე ბილიკები, რათა ტურისტებმა შეძლონ ფოტოების გადაღება. ასევე მოხდება კომუნიკაციების გაყვანა (წყალი, ელექტროენერგია, კანალიზაცია, გამწმენდი ნაგებობა). ამასთან, ტერიტორიაზე განთავსდება მცირე და დიდი ზომის სანაგვე ურნები.

თავდაპირველად ითქვა, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში „მეგობრობის თაღიდან“, დიდი ალბათობით, მოზაიკის ფერადი ორნამენტები მოიხსნებოდა. თუმცა, მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეიცვალა და მოზაიკის პირვანდელი სახით აღდგენა გადაწყდა.

ხალხთა მეგობრობის თაღი ჯვრის უღელტეხილის ცოტა ქვემოთ, კურორტ გუდაურთან მდებარეობს. არქიტექტურული ნაგებობა საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების აღნიშვნის მიზნით1982 წელს აშენდა.

ამავე თემაზე:

გუდაურის გადასახედის რეაბილიტაციის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდა

გუდაურის „გადასახედიდან“ მოზაიკა არ მოიხსნება

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში