საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პარასკევი, 28 ივლისი 2017

რა დამიჯდა პატრულის მიერ მოძრაობის წესების დარღვევის გაპროტესტება

21:24 - 17 თებერვალი 2017 hits 15037

  მამეცი და გეტყვი!

  ჯერ მითხარით და მერე მოგაწვდით.

  მამეცი და გეტყვი!

  ჯერ მითხარით თქვენი გვარი–სახელი, სტატუსი და მერე მოგაწვდით.

  მოქალაქევ, ეს დაუმორჩილებლობაა, დამემორჩილეთ ახლავე!

ასეთი „დიალოგი“ შედგა დღეს ჩემსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა–მთიანეთის სამმართველოს პატრულ–ინსპექტორს (როგორც მოგვიანებით გავარკვიე, გიორგი დიღმელაშვილს) შორის.

არ იცის, ან იცის, მაგრამ არ იმჩნევს, რომ ვალდებულია მოქალაქეს, მძღოლს, გაჩერების შემდეგ საკუთარი თავი წარუდგინოს.

ისევ მე ვეკითხები – ეგ კამერა (სამხრე კამერა) ხელში რომ გიჭირავთ, ჩართულია?

  ხო, ჩართულია.

  მითხარით თქვენი გვარი და სახელი, არ მოვეშვი.

  მამეცი და გეტყვი!

  მოგაწვდით (ვუმეორებ და მართვის მოწმობას ვაჩვენებ), ოღონდ ჯერ თქვენი ვინაობა მითხარით.

  დამემორჩილეთ მეთქი! – ხმას უწევს პატრულ–ინსპექტორი.

  ხმას დაუწიეთ, თქვენ ვალდებული ხართ, როცა მაჩერებთ, პირველ რიგში თქვენი ვინაობა წარმოადგინოთ და შემდეგ გაჩერების მიზეზიც განმიმარტოთ. პოლიციის ეთიკის კოდექსის თანახმად, ვალდებული ხართ იყოთ ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი.

  დამემორჩილეთ მოქალაქევ, წინააღმდეგობას ნუ მიწევთ. ჯარიმის ქვითარში ეწერება ვინ ვარ, ნუ მასწავლით კანონს და ნუ მამცირებთ (ღელავს).

  კანონის მოთხოვნის შესრულებაზე მითითება არც დამცირებაა და მითუფრო არც დაუმორჩილებლობა, – ვეუბნები მე.

  მამეცი მეთქი! (ისევ აუწია ხმას. სამხრე კამერით ჩაწერას აგრძელებს). ამის შემდეგ ამბობს, რომ დიღმელაშვილია.

  სახელი? ვეკითხები მე.

  დიღმელაშვილი.

  სახელი ბატონო, სახელი. რა გქვიათ?

  გიორგი.

მივაწოდე მართვის მოწმობა.

ყველაფერს იღებდნენ. ჩვენც გადავიღეთ. 50-ლარიანი ჯარიმა მისმა მეწყვილემ, პატრულ ინსპექტორმა არჩილ ცოცხალაშვილმა გამომიწერა. ის საპატრულო პოლიციის ავტომობილს მართავდა.

ახლა დაჯარიმების მიზეზზე გადავიდეთ: ანანურში, ეკლესიასთან, თბილისის მიმართულებით გრძელი სატვირთო მანქანა აღმართზე ძლივს მიბობღავდა. სიჩქარე 30 კმ/სთ–ზე ქვემოთ დავარდა. ჩვენი ავტომობილის წინ საპატრულო პოლიციის მანქანა და კიდევ ერთი „ჯიპი“ მოძრაობდა. ჩანდა, რომ დაახლოებით 400 მეტრში, საპირისპირო მხრიდან ავტომობილი არ მოდიოდა. საპატრულო პოლიციის მანქანამ ღერძულა ხაზი ზედ ხიდზე გადაკვეთა ისე, რომ არც ციმციმა ჰქონდა ჩართული და არც გასწრების მაჩვენებელი ჩაურთავს. სამართალდამცავების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა გრძელი ხმოვანი სიგნალით გავაპროტესტე. საპატრულო პოლიციის ავტომობილს ჩემ წინ მოძრავი ჯიპი მიჰყვა, ამასობაში ხიდიც გავიარეთ და სატვირთოს მეც გავასწარი. დავასრულე თუ არა გასწრება, პატრულმა მეც და ჩემ წინ მოძრავ ჯიპსაც გაჩერება მოგვთხოვა. 50 ლარიანი ჯარიმაც უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის მიზეზით (ასკ 125–ე მუხლის მე–7 ნაწილის 1 პუნქტი) გამომიწერეს.

ორიდან ვერცერთ პატრულ–ინსპექტორს ვერაფრით გავაგებინე, რომ:

  1. ნამდვილად გავასწარი სატვირთო ავტომობილს და გადავკვეთე ღერძულა ხაზი, რადგან ჩემ წინ სატვირთო მოძრაობდა 30 კმ/სთ–ზე ნაკლები სიჩქარით.
  2. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონით „გასწრება აკრძალულია“ – კრძალავს ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების გასწრებას გარდა 30 კმ/სთ–ზე ნაკლები სიჩქარით მოძრავი ტრანსპორტისა.
  3. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემ მიერ განხორციელებული გასწრება არ არის სამართალდარღვევა, განსხვავებით საპატრულო პოლიციის ქმედებისგან – მათ, ისე რომ არ ჰქონდათ ჩართული ციმციმა და არც გასწრების მაჩვენებელი ჩაურთავთ, უწყვეტი ღერძულა ხაზი ზედ ხიდზე გადაკვეთეს.

ჩვენი გადაწყვეტილება თუ არ მოგწონს, წადი და გაასაჩივრეო -  ასე დავშორდით ერთმანეთს. აუცილებლად გავასაჩივრებ.

გზად მცხეთაში გავიარე. საპატრულო პოლიციის რეგიონულ სამმართველოში უკვე დავტოვე წერილობითი განცხადება, რომლითაც ვიდეოჩანაწერებს ვითხოვ.

იმედი არ მაქვს, მაგრამ შსს–ს გენერალურ ინსპექციას მაინც შევატყობინე – სამართალდამრღვევი ინსპექტორების მიმართ რა ზომებს მიიღებენ, აუცილებლად დავინტერესდები.

შევხვდებით სასამართლოში, იმის მიუხედავად, რომ 50 ლარზე ბევრად მეტი დამიჯდება მცხეთის სასამართლოში მინიმუმ 2–ჯერ მისვლა და დროსაც დავხარჯავ.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: Mtivlishvili@gmail.com

სხვა ბლოგები

ვაკანსიები მთაში

თავში