საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

სოფლის არჩევანი სიკვდილია!

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:15 - 14 მარტი 2012 hits 13688

სასაფლაო და დარბაზი ქელეხისთვის - სოფლის პროგრამებით არჩეული პრიორიტეტები.

„მახკვდია, ბეჩავო იერემო,

დასდევი სიყარიბის ჯოხი.

მიწანიც დაილოცებიან,

შიშველი დაგიფარეს ხორცნი“.

ხალხურია, შესაბამისად ძალიან რეალური. არ ვიცი, რომელ საუკუნეში დაიწერა, კერძოდ სად, ფშავში, ხევსურეთსა თუ თიანეთში, სადღაც მთაში დაწერილი კი არის. იმიტომ არა რომ ლექსის კილოა ასეთი, რაც ლექსში წერია ის რეალობაა მთის – მოხუცი უპოვარი კაცი, საკუთარ ბედს შეგუებული. მისთვის სიკვდილი მადლი იყო.

მოკვდა ბეჩავი იერემი. ოდესღაც ბეჩავი ცხოვრებით იცხოვრა და მოკვდა. დღეს რომ ახვალ მთაში, საითაც არ გაიხედავ, ეს ლექსი გაგახსენდება. სოფლებში მარტო მოხუცები არიან დარჩენილები, ღარიბი და ცხოვრებისგან გულგაწვრილებული მოხუცები.

ბევრს არ ვილაპარაკებ. რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, მას მერე რამდენი მთავრობა გამოვიცვალეთ, რამდენის იმედი ჰქონდა ხალხს, რამდენს სთხოვდა წყალს, გზას, გაზს, სკოლას, დასაქმებას...

დღეს ხალხი მთავრობას სხვას არაფერს, მხოლოდ დასაფლავებას სთხოვს!

არავითარი სენტიმენტალობა. ამ დასკვნამდე დუშეთის რაიონის სოფლის პროგრამების გაცნობის შედეგად მივედი.

სოფლის დახმარების პროგრამით მთავრობა ხალხს ფულს აძლევს და ეკითხება, თქვენი პრიორიტეტი რა არის, რა გინდა ამ ფულით გავაკეთოო. ისინიც ირჩევენ, მთელი სოფელი ირჩევს.

2011 წლის სოფლის პროგრამებში ბევრი სოფელი მხოლოდ იმასღა ითხოვდა, ქელეხისთვის შენობა აგვიშენეთ და სასაფლაო შემოგვიღობეთო.

ჩახედავ ამ დოკუმენტს და გაგეცინება, ჩახედავ და დაიზაფრები, ჩახედავ და აღარ იცი რა ქნა - სოფლის არჩევანი სიკვდილია!

ჩუბინიანთკარი – გამოყოფილია  5 439 ლარი, სოფლის პრიორიტეტი -  სარიტუალო ინვენტარის შეძენა;

ქვემო მლეთა - 5 303 ლარი - სარიტუალო დარბაზის მშენებლობისთვის მასალის შეძენა;

ნაგლიანთკარი - სასაფლაოზე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

მუგუდა - სარიტუალო ინვენტარის შესანახად ფარდულის მოწყობა;

ლაფანაანთკარი, მაღრანი, დგნალი, პავლეური, ცივწყარო, დალასქერი, პირმისაანთი, ნადიბაანდი, სალაჯური - სარიტუალო ინვენტარის შეძენა;

მაღაროსკარი, აყნელი, შატილი, ჭილურტი - სარიტუალო დარბაზის მშენებლობა;

ლაზვიანი - სასაფლაოს შემოღობვა;

არანისი - სასაფლაოს შემოღობვა;

ბოდავი - სასაფლაოს შემოღობვა...“

თეა თოფურია

პოეტი, ჟურნალისტი. გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების არაერთი კრებული. არის სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსების, „Penმარათონის“, „საბას“, „წეროსა“ და „ გალას“ ნომინანტი და ლაურეატი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში